„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა მას გადასცა ივანიშვილის წერილი, რომელშიც წერია, რომ „თუ არ გადავიხდი დიდძალ რაოდენობა კრიპტოვალუტას იმ მომენტისთვის, მომიწევს უფრო მეტის გადახდა, ყოველთვიური ზრდადი გრაფიკია დაწესებული“.
ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%;
არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა;
თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად;
გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია წერილში.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.
ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს „არალეგიტიმურს“ უწოდებს.
ადვოკატის თქმით, „ქმედებები, რასაც გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს, ანუ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს“.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.
სასამართლო პროცესზე მან გაიმეორა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს.
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2023 წლის ივლისში შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის გირაო, ასევე, ბრალდების მხარის ინფორმირების გარეშე აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
უწყება აცხადებს, რომ ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის — 1 305 000 აშშ დოლარს.
პროკურატურის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.
ასევე, როგორც პროკურატურა წერს, შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტოსაფულეზე.
უწყების ცნობით, ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბრალდებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
ბრალდების ცნობით, ამის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის — 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.