გიორგი ბაჩიაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ თქვა, რომ სხდომაზე მოიტანეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც მისი და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ეხება და რომელშიც ექსპერტიზამ მისი და ივანიშვილის ხმები ვერ განასხვავა.
„სამხარაულის დასკვნამ ვერ დაადგინა, ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია, უბრალოდ, სასაცილოა ეს დოკუმენტი. ჩანაწერი იყო მონტაჟზე დაქვემდებარებული და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ხმები.
სასამართლო ძალიან მალე მოისმენს ამ აუდიოჩანაწერს და მე მგონია, არავითარი ექსპერტი არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ არიან აქ მოსაუბრეები”. – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტურობას დამოუკიდებელი გერმანელი ექსპერტებიც შეაფასებენ.
მისივე განმარტებით, ჩანაწერი არის 10-წუთიანი და ეხება სასესხო ურთიერთობას – კერძოდ, როგორც ბაჩიაშვილმა თქვა, მასში ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, დაეხმაროს „ქართუ ბანკში” სესხის მიღებაში.
„შესაბამისად, ეს ჩანაწერი აქარწყლებს ყველანაირ ბრალდებას და მათ ჩვენებებს. თუმცა, შემდგომ ივანიშვილმა მისცა მეორე ჩვენება, როცა უკვე გაეცნო ამ ჩანაწერს, სადაც თქვა, რომ კი, პრინციპში ეს ჩანაწერი სწორია და ასე ვისაუბრეთო. შეიძლება იყოს რამე მანიპულაციურიო, მაგრამ არ უარყოფს ამ ჩანაწერის შინაარსს და ამბობს, რომ მასში ასახულია პრეისტორია”. – თქვა ბაჩიაშვილმა.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამ ჩანაწერს მოუსმინა, ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველი ჩვენება შეცვალა.
„ივანიშვილი ამბობს, რომ კი, სესხზე მოველაპარაკე, ვეხმარებოდიო, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე ამ სესხის მიცემა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბაჩიაშვილი მოვიდა და შემომთავაზა, რომ მე გავმხდარიყავი ინვესტორი და გავხდი ამის შემდეგ ინვესტორიო.
მეორე ჩვენებაში ახალ ისტორიას იგონებს და პირველი ჩვენების საპირისპირო გამოდის”. – ამბობს ბაჩიაშვილი.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
კერძოდ, გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი და ამ ინვესტიციის – 5 მილიონი ლარის საფუძველზე შეძლო ბრალდებულმა ბიტკოინის მაინინგ-ფერმის შექმნა, თუმცა შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს მოგება დაუმალა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი იყო და ამბობს, რომ ეს თანხა მან „ქართუ ბანკიდან” სესხად აიღო. მისივე თქმით, „ქართუს” დაუბრუნა და გადაუხადა სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ „ქართუსთან” საქმე დაიხურა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.
ბაჩიასვილისვე თქმით, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული – გირაოს სახით მან 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.