თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი ჩატარდა. საქმის მოსამართლე გიორგი გელაშვილია.
ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს „არალეგიტიმურს“ უწოდებს.
ადვოკატის თქმით, „ქმედებები, რასაც გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს, ანუ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს“.
თავად გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.
„ბატონო მოსამართლე, დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ამ დარბაზში საერთოდ არ უნდა ვიმყოფებოდე, ზუსტად ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომლებიც დღეს ამ დარბაზებში არ უნდა იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეჟიმის პირობებში უწევთ ამ სკამზე ჯდომა.
ეს სასამართლო არ არის არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: ჩემს დასჯას, ანგარიშსწორებას და ფულის გამოძალვას. დასჯას იმის გამო, რომ არ გავიზიარე ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი. დასჯას იმის გამო, რომ დავრჩი ჩემი ღირებულებების ერთგული და არ ავყევი ამ ქვეყნის მოღალატეობრივ საქციელში“, – თქვა ბაჩიაშვილმა.
სასამართლო პროცესზე მან გაიმეორა, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს.
„ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ამტკიცებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: მე მქონდა ჩემს კომპანიაზე აღებული სესხი ბანკში, რომელიც პირნათლად გადავიხადე და დავფარე. ამის გარდა არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ რამე დამატებით ურთიერთობას დაამტკიცებდა“, – თქვა მან.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა მას გადასცა ივანიშვილის წერილი, რომლის თანახმადაც:
„წერია, რომ თუ არ გადავიხდი დიდძალ რაოდენობა კრიპტოვალუტას იმ მომენტისთის, მომიწევს უფრო მეტის გადახდა, ყოველთვიური ზრდადი გრაფიკია დაწესებული. კრიმინალური „შოჩიკი” [მრიცხველი] ქვია ამას მის ენაზე და ეს ჩამირთო. რაოდენობა – 5000 ბიტკოინი და ეს რაოდენობა გაიზრდებოდა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით. გამოძიების დაწყების შემდეგ არის ეს ყველაფერი მომხდარი. წერილში წერია, რომ სავარაუდოდ 1 წლის განმავლობაში ჩემი პასუხისგებით დასრულდება ეს თემა.
მე წერილს დღეს გამოვაქვეყნებ და ყველა დეტალი იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი”. – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2023 წლის ივლისში შეეფარდა 2.5 მილიონი ლარის გირაო, ასევე, ბრალდების მხარის ინფორმირების გარეშე აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
უწყება აცხადებს, რომ ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის — 1 305 000 აშშ დოლარს.
პროკურატურის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.
ასევე, როგორც პროკურატურა წერს, შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.
უწყების ცნობით, ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბრალდებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.
ბრალდების ცნობით, ამის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის — 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.