თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა „ტვ პირველის” გადაცემა „რეაქციაში“ თქვა, რომ საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმის, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
„სისტემა არის მორყეული, არ მუშაობს და არის ძალიან ბევრი ხვრელი, ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებულები, რომ ბოლომდე გააკეთონ საქმე. მე სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე“. – თქვა მან.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.
„სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია”.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის 2 საქმე დაიწყო.
ერთ-ერთი მათგანზე, ბიტკოინების საქმეზე სასამართლო განხილვები დასასრულს უახლოვდება. ამ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.
მეორე, ახალი ბრალი პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს 25 თებერვალს წარუდგინა.
უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტურად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.