დღეს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. სააპელაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ, 12 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
გიორგი ბაჩიაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მან საქმის შესახებ ისაუბრა. როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, ე.წ. ბიტკოინების საქმეში ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი არ ყოფილა. მისი თქმით, ეს იყო ბანკის სესხი და სასესხო ხელშეკრულებაში ყველაფერი „შავით თეთრზე წერია”.
ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვის ოქმებში „ორ აბზაცს ვერ ნახავთ, რომელშიც ტყუილები არ წერია, ორ აბზაცს”.
„დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი? […]
[პროკურორი] ზეწოლის ქვეშ არის და რის გამო აკეთებს ამას? ეშინია რამის? ეს წინა მთავრობის დროსაც იყო. ახლა გაქვთ შანსი, რომ არ შერცხვეთ და წლების შემდეგ არ შეგრცხვეთ შვილებისთვის თვალებში ჩახედვის.
[…] ბრალდება მტკიცებულებების მაღალ ხარისხზე საუბრობდა, თუმცა დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით. ივანიშვილის გამოკითხვის ოქმებში ორ აბზაცს ვერ ნახავთ, რომელშიც ტყუილები არ წერია, ორ აბზაცს”, – თქვა ბაჩიაშვილმა.
მისივე განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გამოიწვია მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთასხვადასხვაობამ „გლობალურ ომის პარტიასთან” დაკავშირებული რიტორიკაზე. როგორც ბაჩიაშვილმა თქვა, მან ანტიდასავლური პროპაგანდაზე თქვა უარი, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა.
„ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა.
როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.
შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი.
ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით. დღეს ხართ არჩევანის წინაშე, იმედი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა არ გაჭრის [ბაჩიაშვილი პროკურორს].
ვერ შემაშინებთ ვერაფრით, ვერც 11-წლიანი სასჯელით”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თანხის მითვისების ნაწილში სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
მოგვიანებით სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია.
ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია