თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარების საქმეზე დაკავებულ შოთა ქარუმიძეს პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობაზე ფორმალური საფუძვლები მოიხმო – არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურორის თქმით, დასადგენია საქმეში მონაწილე სხვა პირებიც.
ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე ამირხანაშვილი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და ბრალდებას ეთანხმება. ის 80000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
თავად ბრალდებულმა განაცხადა:
„დედაჩემი არის ცუდად, ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ, რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“, – განაცხადა ქარუმიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი, შოთა ქარუმიძე დააკავა.
უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა ქარუმიძე. გამოძიება ამბობს, რომ ის 5 მარტს, იმ დროს დააკავეს, როცა სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას.
პოლიციამ ამოიღო ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც გიორგი ბაჩიაშვილი და ბრალდებული პირი გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი.