გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით მესამე – ჰესის საქმეზეც შეეცვალა.
მას ჰესის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
„იურიდიული ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ ერთ ადამიანს ერთხელ დავაპატიმრებთ თუ სამჯერ, ამით არაფერი იცვლება”. – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
დღეს დილით ბიტკოინების საქმეზე ბაჩიაშვილს ასევე შეეფარდა პატიმრობა. ის თავისუფალი 2.5-მილიონლარიანი გირაოს საფუძველზე იყო. გირაოს თანხის ამოღება მისი უძრავი ქონებიდან მოხდება.
გუშინ, 5 მარტს ბაჩიაშვილს პატიმრობა შეუფარდეს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა დირექტორმა 4 მარტს თქვა, რომ საქართველო დატოვა. მას პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა.
შსს-ის განცხადებით, ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, მანქანაში სამავალით დატოვა, სომხეთის ტერიტორიაზე კი რუსული პასპორტი აიღო და ამით შევიდა სომხეთში, შემდეგ კი გადავიდა მესამე ქვეყანაში.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, რომ „შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ინტერპოლსაც ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით”.