ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის საქმეზე 2.5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000 ლარის გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გირაოს თანხის ამოღება მისი უძრავი ქონებიდან მოხდება.

საქმე ეხება კრიპტოვალუტის მითვისებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავას ბაჩიაშვილთან.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პროკურორმა მოითხოვა. მიზეზად დაასახელა ის, რომ გამოძიების ვერსიით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2 მარტს საქართველოს საზღვარი, სავარაუდოდ, უკანონო გზით დატოვა.

2.5-მილიონიანი გირაოს პირობები მოიცავდა ბაჩიაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და საზღვრის კვეთის აკრძალვას. პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ეს პირობები დაარღვია.

ადვოკატის პოზიციით, ბაჩიაშვილისთვის კიდევ ერთი პატიმრობის შეფარდების საფუძველი აღარ იყო, რადგან მას სასამართლომ გუშინ, 5 მარტს შეუფარდა პატიმრობა საზღვრის კვეთის საქმეზე.

საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიექცა წარმოებაში.

ადვოკატი მოითხოვდა, ბაჩიაშვილს ჩვენება დისტანციურად მიეცა, რაზეც სასამართლომ უარი თქვა.


„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი და ამ ინვესტიციის – 5 მილიონი ლარის საფუძველზე შეძლო ბრალდებულმა ბიტკოინის მაინინგ-ფერმის შექმნა, თუმცა შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს მოგება დაუმალა.

თავად გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი იყო და ამბობს, რომ ეს თანხა მან „ქართუ ბანკიდან” სესხად აიღო. მისივე თქმით, „ქართუს” დაუბრუნა და გადაუხადა სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად.

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ „ქართუსთან” საქმე დაიხურა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.

ბაჩიაშვილისვე თქმით, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული – გირაოს სახით მან 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.