კინოცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნინო კუხალაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ პროპაგანდისტული არხის POSTV-ის წამყვანის, ბაჩო ოდიშარიას კინოცენტრში ოფისის მენეჯერად დანიშვნის თაობაზე დირექტორის მხრიდან ხელმოწერილი ბრძანება 8 ივნისს თავად ნახა. მისი თქმით, ბრძანება 3 დღის განმავლობაში არსებობდა. თუმცა კუხალაშვილის განცხადებით, დღეს მას სამართლებრივ აქტებზე წვდომა შეზღუდული აქვს და არ იცის, ბრძანება გააუქმეს თუ არა.
„8 ივნისს ვნახე ბაჩო ოდიშარიას ოფისმენეჯერად დანიშვნის თაობაზე ბრძანება, 9-შიც არ იყო გაუქმებული, არც 10-ში, საღამომდე. მას შემდეგ წვდომა შემეზღუდა სამართლებრივ აქტებზე და შემდეგ თუ გააუქმეს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. რამდენიმე დღის განმავლობაში ბრძანება არსებობდა, რომელიც ძალაში იყო შესული ხელმოწერით. ბაჩო ოდიშარია იყო ოფისმენეჯერად დანიშნული”, – ამბობს ნინო კუხალაშვილი „პუბლიკასთან“.
ბაჩო ოდიშარიას კინოცენტრში დასაქმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 9 ივნისს გავრცელდა. იმ დღესვე „პუბლიკა“ ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა ბაჩო ოდიშარიას. პროპაგანდისტული POSTV-ის წამყვანს ვკითხეთ, შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს და ინიშნებოდა თუ არა ის კინოცენტრის ოფისის მენეჯერად. ბაჩო ოდიშარიამ თავდაპირველად „პუბლიკას“ უთხრა, რომ არ ჰქონდა დრო და მოგვიანებით უპასუხებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ის „პუბლიკას“ თავად დაუკავშირდა და თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.
კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება მას შემდეგ დაწერეს, რაც სოციალურ ქსელში კინოცენტრის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემაზე. ამ განცხადებაში გოეთეს ინსტიტუტი „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.
გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს განცხადება სამინისტროში იყო დაწერილი.