ბაციკაძე-კალატოზის თქმით, „პირველი არხის” გადაწყვეტილებით, EURO 2024-ს აღარ წაიყვანენ

პუბლიკა

სპორტული კომენტატორები, ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი აცხადებენ, რომ „პირველი არხის” გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს აღარ წაიყვანენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კონტრაქტის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე უნდა ყოფილიყვნენ.

მათი თქმით, EURO 2024-თან დაკავშირებით არხთან ერთთვიანი კონტრაქტი ჰქონდათ, თუმცა გუშინ მიუვიდათ შეტყობინება ცვლილებასთან დაკავშირებით – მათ ოფიციალურ მიზეზად „პირველი არხის” თანამშრომელი კომენტატორების გერმანიიდან დაბრუნება დაუსახელეს.

როგორც ტატო ბაციკაძე ამბობს, თავდაპირველად, გათვალისწინებული იყო, რომ უნდა წაეყვანათ პორტუგალია-სლოვენიის გუშინ, პირველ ივლისს გამართული მატჩიც, რა პერიოდშიც „პირველი არხის” თანამშრომლები საქართველოში დაბრუნებული არ ყოფილან.

„მესიჯი მომივიდა, რომ პირველმა არხმა შეცვალა პოლიტიკა, რომ ჩამოდიან კომენტატორები უკვე გერმანიიდან და ისინი წაიყვანენ მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატს, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმიური მიზეზია, მაგრამ წინაპირობებსაც გააჩნია.

უნდა წაგვეყვანა პორტუგალია-სლოვენია და რუმინეთი-ნიდერლანდები. პორტუგალია-სლოვენიის თამაშზე, როგორც ვიცი, კომენტატორები ჩამოსულები არ იყვნენ”.

მათი განცხადებით, აქვთ არაოფიციალური ვერსიაც, რომ კონტრაქტი ტატო ბაციკაძის მიერ Europop-ის დარეკლამების გამო შეუწყვიტეს.

„ოფიციალური მიზეზი არის, რომ პირველი არხის თანამშრომლებმა უნდა წაიყვანონ მარტო, მაგრამ ჩვენთან სხვა შეთანხმება იყო, კონტრაქტი გვქონდა ერთთვიანი.

არაოფიციალურად მიზეზი რაც გავიგეთ, მოგვივიდა ხმა – შესაძლოა, იმის ბრალია, რომ ტატომ გადაცემის ბოლოს ახსენა, europop-ზეც გვიყურეთო. რომელ კანონში წერია, რომ მაგის თქმა არ შეიძლება და ადამიანი გაუშვა?”, – აღნიშნა კალატოზმა.

ბაციკაძე თქმით, როგორც „პირველ არხში” უთხრეს, კონტრატქს არ დაარღვევენ და გათვალისწინებულ ანაზღაურებას შესაბამისად გადაუხდიან.

„ვარაუდის დონეზეა, რომ რახან ეგ ვთქვი. მეც მეჩვენება, რომ ცოტა გადამეტებულია, რომ ადამიანი მაგის გამო რეპორტაჟებზე აღარ დასვა, იმიტომ, რომ შეგიძლია გაფრთხილებით შემოიფარგლო. კარგი, ვთქვათ, მიზეზია ეგ. მაგრამ ამას [კალატოზს] რას ერჩოდნენ? კალა რა შუაშია?

[…] კონტრაქტი არ დაურღვევიათ. ასე თქვეს, რომ კონტრაქტს არ დავარღვევთ, ანაზღაურება რაც იყო გათვალისწინებული, იმას მივცემთო”, – ამბობს ის.

„პუბლიკა” დეტალებისთვის „პირველ არხთან” დაკავშირებას ცდილობს.

ამას წინ უძღოდა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ სპორტულ კომენტატორებზე გაკეთებული განცხადება. ირაკლი კობახიძემ „პოლიტიკურად მიკერძოებული” უწოდა პოზიციას, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი გააკრიტიკეს.

„ერთ-ერთ სპორტის კომენტატორში” კობახიძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა ტატო ბაციკაძეს, რომელმაც ახალი სტადიონის მშენებლობის ინიციატივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს „ცუდი არ არის, თუმცა ამჟამად საჭიროებას” ვერ ხედავს.