ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა მიმდინარეობს – გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა, ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. მინისტრის კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს. აუცილებლად გაცნობებთ, როგორც კი დავაკავებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, არასწორია შეფასება, რომ ქვეყანაში კრიმინალი გახშირდა: „სად გახშირდა, აბა, მითხარით. ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის – ათი და ოცი რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. ხელყუმბარით შევარდნის ფაქტს რაც შეეხება, დავაკავეთ ეს ადამიანი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი მოითხოვა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.