ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

პუბლიკა

დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმაა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბიძინა ესებუას ადვოკატი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბიძინა ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”, – წერდა შსს მისი დაკავების შემდეგ.

ესებუების ოჯახი ბიძინა ესებუას დაკავებას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ის ბადრი ესებუას მიმალვის გამო, ანგარიშსწორების მიზნით დააკავეს.