დღეს, 5 სექტემბერს მამუკა ხაზარაძის შემდეგ საპატიმრო ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა.
„როცა დავბრუნდი სეირნობიდან, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა გამოცემული მიხეილ ყაველაშვილს”. – თქვა მან.
ბარდი ჯაფარიძეს ჟურნალისტებმა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ჰკითხეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს.
„პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდეგ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს.
ჩვენ ამისი ერთგულები ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ რასაც შეუძლია, ქვეყნის ევროპული მომავალი მოიტანოს: ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყველას აქვს ბოიკოტის უფლება, ამას ვერავინ დაუშლის, მაგრამ იმ ასიათასობით ადამიანს, რომელიც მოვა 4 ოქტომბრის არჩევნებზე, იმედი არ უნდა გავუწბილოთ. მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან მათი მომავლის დასაცავად”. – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 2025 წლის 23 ივნისს, თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს. მათ 8-თვიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
„ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 5 სექტემბრის დილით გაავრცელა განცხადება მათი შეწყალების შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.