„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე მისვლას არ აპირებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს კომისიის წევრები დღეს 14:00-დან 16:00 საათამდე ელოდებიან — გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხვალ, 26 მარტს 10 საათზე გახსნიან სხდომას და იმსჯელებენ სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით ჯაფარიძის უარის პროკურატურისთვის გადაცემის საკითხზე.
ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „ოცნების” პარლამენტში მომუშავე ე.წ. საგამოძიებო კომისია არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის არის ერთპარტიული.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.
მსურს ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო – მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად!
მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!
მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.
ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.
ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ჩემი გაშავება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა’ , – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე დღეს არ გამოცხადებულა „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც. კომისია სხდომაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით ხაზარაძის უარს პროკურატურას გადასცემს.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით შეატყობინა დაბარებისა და განსახილველი საკითხის შესახებ, რაც ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შესთავაზა.
წულუკიანის თქმით, სამდივნომ ხაზარაძეს „ვათსაფშსა“ და „სიგნალში“ შეატყობინა წერილობით, რომ მიწვეული იყო კომისიის სხდომაზე შპს „მაგნატის“ საკითხთან დაკავშირებით.
„მან სულ რამდენიმე წუთის წინ, როცა ბატონი ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და სხვებმა დაამყარეს მასთან კონტაქტი და [ხაზარაძე-ჯაფარიძემ] უნდა ახსნან რამდენიმე ეპიზოდი, ამ პროცესში რომ ვიყავით, ბატონმა მამუკამ გამოაქვეყნა ფბ პოსტი… დასანანია, რომ ბატონი მამუკა, იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ბატონი ლეონიძე, მორიგჯერ შეურაცხყოფს და უწოდებს კომისიას ცირკს… ბატონი მამუკას შემთხვევაში, მან რეალურად თავისი ფბ პოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა კითხვის ნიშანი, აპირებს თუ არა მოსვლას და ხომ არ მოიცლის სხვა დროს… მინდა, შემოგთავაზოთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ ბატონი ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი“, – თქვა წულუკიანმა. ამ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.