BAG: ასოციაციის წევრ კომპანიებში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად შემცირების მოლოდინია

პუბლიკა

საქართველოს ბიზნესის ასოციაციამ ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში ასოციაციის წევრები გამოკითხა, რამაც ცხადყო, რომ მათი მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული, ნეგატიურისკენ გადახრილი დასაქმების ბარომეტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებში სამუშაო ადგილების მნიშვნელოვნად შემცირების მოლოდინზე მიუთითებს.

BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა და -46.7 ქულა შეადგინა. შედარებისათვის, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესებს პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ დასაქმებასთან მიმართებით, ამიტომ დასაქმების ბარომეტრი დადებითი, 26.1 იყო.

„გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ან ვერ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, ანდა მოუწევს არსებული სამუშაო ადგილების შემცირება. კერძოდ, საქართველოს ბიზნესასოციაციის გამოკითხული წევრების მხოლოდ 1.9% მოელის დაქირავებულთა რაოდენობის ზრდას 2020 წლის მეორე კვარტალში, მაშინ როცა 50.9% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 47.2% გარდაუვლად მიიჩნევს მათ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას”,  – აღნიშნულია კვლევაში.

შედარებით ზომიერი ნეგატიური მოლოდინია მრეწველობის სექტორში, რომელსაც შედარებით ნაკლებად შეეხო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები.

მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც BAG-ის ვარაუდით, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს.

კვლევის მეთოდოლოგიისა და მნიშვნელობის გასაგებად საქართველოს ბიზნესასოციაციის მასალას სრულად გაეცანით ბმულზე.