ბაგები-წყნეთის გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა, პრობლემა აღმოფხვრილია - მერის მოადგილე

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლენილ მეწყრულ ზონაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კედლის მოწყობა დილისთვის დასრულდა და აღდგა როგორც გზის უსაფრთხოება, ისე ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობა.

„თქვენ იცით, რომ დედაქალაქში გვაქვს სხვადასხვა მეწყრული ზონა, მათ შორის, წყნეთის გზაზე, სადაც მიწის ჩამოშლა, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, პირველად არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის გზის  რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხოების კედლები მოეწყო.

შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ჩამოშლილი იყო მიწის დიდი მასა და  შემჭიდროებულ ვადებში სამუშაო უფრო რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, წუხანდელი უწყვეტი მუშაობის შედეგად, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე გზაზე გადაადგილება  უსაფრთხოა. შემდგომი ეტაპის გამაგრებითი სამუშაოების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, რათა პრობლემა სრულად აღმოიფხვრას“, – თქვა ბენდელიანმა.

გუშინ ბაგები-წყნეთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთში გამოვლინდა მეწყრული ზონა, ჩამოიშალა მიწის მასა და გზაზე გადაადგილებას საფრთხე შეექმნა. გუშინვე ოპერატიულად დაიგეგმა სამუშაო პროცესი, შეიზღუდა საგზაო მოძრაობა და საღამოს 9 საათიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები შეუდგნენ ჩამოშლილი მიწის მასის გატანისა და დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოებს.