ბაღდადში სოლეიმანისა და სხვა სამხედროების დაკრძალვამდე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა

პუბლიკა

შაბათს, ბაღდადში გლოვის ნიშნად ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. Reuters-ის ინფორმაციით,  ისინი ტრამპის მიერ გაცემული ბრძანების შედეგად ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მოკლულ ირანელ სამხედრო მეთაურს, ყასემ სოლეიმანსა და ასევე ერაყელ სამხედრო პირებს  გლოვობდნენ.

ყასემ სოლეიმანი თეირანის ყველაზე გამოჩენილი სამხედრო მეთაური იყო და მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში დღითი-დღე  იზრდებოდა.

გამოცემის ცნობით,  აშშ-ირანს შორის სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც  პროირანული სამხედრო დანაყოფები ქალაქ ბაღდადში თავს დაესხა აშშ-ის საელჩოს.

სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებები განცხადებებს ავრცელებენ და თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ერაყსა და ირანში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.


გუშინ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ხანგრძლივ დროში გენერალმა ყასემ სოლეიმანიმ დახოცა და მძიმედ დაჭრა ათასობით ამერიკელი, ის გეგმავდა კიდევ ბევრის დახოცვას, მაგრამ გამოვიჭირეთ! ის პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე, მათ შორის ირანში გამოსვლების დროს დაღუპულთა დიდ რაოდენობაზე. ირანი არ აღიარებს, მაგრამ ქვეყანაში სოლეიმანი ეზიზღებოდათ და ეშინოდათ მისი. ისინი არ დაუმწუხრებია სოლეიმანის დაღუპვას ისე, როგორც ლიდერები ცდილობენ მსოფლიოს დააჯერონ. ის დიდი ხნის წინ უნდა მოეშორებინათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა საჰაერო თავსახმის შემდეგ Twitter-ზე ჯერ ამერიკის დროშა გამოაქვეყნა, შემდეგ კი დაწერა, რომ „ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში“.