ბაღდათის ტრაგედია მაგალითია იმ უკიდურესი სიღარიბის, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა - HRIDC

პუბლიკა

„ეს ტრაგედია კიდევ ერთი მაგალითია იმ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის უკიდურესად მძიმე ფორმების, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა”, – „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიღარიბე კვლავ რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად, რომლის დაძლევას სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს.

„სისტემური ხარვეზებისა და ზოგადად, არასწორი პოლიტიკის შედეგად, მიუხედავად მოსახლეობის 60%-ის მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებისა, ვერ ხორციელდება სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალური გაძლიერება და მხარდაჭერა, რაც შეუძლებელს ხდის სოციალური მოწყვლადობის დაძლევასა და არსებული უთანასწორობის შემცირებას.

უსახლკარობასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, როგორც უსახლკარობის აღმოფხვრისკენ მიმართული სახელმწიფოს ხედვის განაცხადი, უნდა მოიცავდეს ნათლად გაწერილ მიზნებს, განზრახვებსა და ხედვას იმ მიმართულებების შესაბამისად, რაც კონკრეტულ მოცემულობაში სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

აუცილებელია, სტრატეგიის მიმართულებებმა ისეთი საკითხები დაფაროს, როგორიცაა:  უსახლკაროთა ყველაზე მძიმე და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების პრიორიტეტიზაცია, გამოსახლების პრევენცია და მისი რაოდენობის შემცირება, ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნის აუცილებლობა, პრევენციული ღონისძიებების განვითარების პრიორიტეტიზაცია, უსახლკარობასთან ბრძოლის სტატისტიკურ ანალიზზე დაფუძნებული მეთოდების შემუშავებისა და სტატისტიკის განახლების მნიშვნელობა, სტრატეგიის დოკუმენტის სისტემატური გადახედვისა და მისი ეფექტიანობის შეფასების საჭიროება და სხვა[1].

კვლავ აუცილებლობად რჩება მუნიციპალურ დონეებზე საცხოვრისის სერვისების ისეთი პრევენციული და რეაგირებითი სისტემის შექმნა, რომელიც უსახლკაროთა რაოდენობის რეალურ აღწერას მოახდენს და მათი უფლებრივი მდგომარეობის სათანადო შეფასებას დაეფუძნება.

მიუხედავად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპისა და  არაერთი შესაბამისი ნორმისა, მიუხედავად საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით ნაკისრი არაერთი ვალდებულებისა, სახელმწიფოს კვლავ არ გააჩნია სოციალური დაცვის სათანადო სერვისების განვითარების ვალებულების შეგრძნება. შესაბამიად, არსებული ტენდენციით სოციალური დახმარება აღიქმება როგორც ქვეყნის ტვირთი, გაცემული ქველმოქმედება, სახელმწიფოს კეთილი ნება, რაც მის სისტემურ გამართულობას მნიშვნელოვნად აქვეითებს და მისი ფრაგმატულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება სოციალური უსამართლობის დაძლევა და სოციალური დაცვის სათანადო გარანტიების შექმნა.

  • დაუყოვნებლივ უნდა შემუშავდეს უსახლკარო მოქალაქეთა აღრიცხვის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რომელიც გამოწვევების იდენტიფიცირებასთან ერთად მათ შეფასებას მოახდენს; ამასთან, უნდა შეიქმნას უსახლკარო პირების მონაცემთა ერთიანი ბაზა;
  • სახელმწიფომ უნდა დანერგოს თავშესაფარში მოთავსებულ პირთათვის მხარდამჭერი პროგრამები, რასაც პრევენციულ როლთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსახლკარობასთან ბრძოლის სისტემატიზაციისთვის;
  • აუცილებელია სიღარიბესთან ბრძოლის გრძელვადიანი პოლიტიკის შექმნა, რომელიც სოციალურად მოწყვლადი პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული და ორიენტირებული მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანაზე.
  • აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებებს და მათ წვდომას შესაბამის სერვისებთან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

წუხელ ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.