ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება - მდინარაძე

პუბლიკა

ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის გამო პლენარულ სესიაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მართლაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მითუმეტეს მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომის გადადების საკითხზეც იმსჯელა.

„მივიჩნიეთ, რომ რეგლამენტის დარღვევა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი და მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით არ ვიფიქრეთ ამ თემაზე”, – აცხადებს ის.

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიცია პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას აღარ გამართავს.

რაც შეეხება მომდევნო დღეების გეგმებს, მისი თქმით, როგორც კი ჩაინიშნება პლენარული სესიის მომდევნო სხდომა, ოპოზიცია აქციებს განაახლებს.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ დღეს ჩანიშნული პლენარული სხდომა გადაედოთ.


ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.