ბაღების 73%-ს არ აქვს აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოები - ანგარიში

პუბლიკა

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა.

ომბუდსმენის განცხადებით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს. თუმცა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები უმთავრესად ეხება სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტარსა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს; კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების სიმცირე.

ანგარიში მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით. ფონდის წარმომადგენლის, სკოლამდელი განათლების სპეციალისტის ანა ჯანელიძის განმარტებით, ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების სფეროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს, ეს ვრცელდება, როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე წყალსა და სანიტარიაზე, კვალიფიციურ კადრებზე, რომელბიც ბავშვებთან მუშაობენ, საგანმანათლებლო რესურსებზე:

„ანუ ყველა ძირითად საკითხში, არის რეალურად სერიოზული გამოწვევა საბავშვო ბაღებში. გარკვეულწილად პრობლემა არის ის, რომ კანონი რომელიც მიღებულ იქნა 2016 წელს ადრეულ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, მისი მოთხოვნები რეალურად დღემდე არ სრულდება. დამტკიცდა რამდენიმე სტანდარტი, კანონის შესაბამისად, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული  ინფრასტრუქტურის სტანდარტი და საბავშვო ბაღის ავტორიზაციის წესი, რომელიც საშუალებას მისცემდა მუნიციპალიტეტებს, რომ ინვესტირება გაეზარდათ სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად“,- ამბობს ანა ჯანელიძე.

ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში;
  • საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას;
  • საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად;
  • არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით;
  • საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით – მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაახლოებით ბაღების 73%-ში არ არის ბავშვების ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშო. მონიტორინგისას დადგინდა, რომ როგორც წესი მათი განახლება ხდება წელიწადში ერთხელ, თუმცა საგულისხმოა, რომ განახლების შემთხვევაშიც, მოწოდებული სათამაშოები ხშირად არ არის ხარისხიანი და მალე ფუჭდება.
  • სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით;
  • ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით;
  • აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას;
  • შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი;
  • პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.