თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი პრობლემურია ბაღების 35.5%-ში - ანგარიში

პუბლიკა

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღების როგორც სამეურნეო, ისე სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და წყლის ლაბორატორიული შემოწმების საკითხებზე. კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (89.5%) ფუნქციონირებს სასმელი და სამეურნეო წყლით მომარაგების ცენტრალური სისტემა. ხოლო დაწესებულებების ნაწილი (5.1%) სათანადოდაა დაცული და შემოწმებული ჭის წყლით მარაგდება. 11 გარდა ამისა, საბავშვო ბაღების სამზარეულოთა უმრავლესობა (93.2%) უზრუნველყოფილია თბილი წყლით.

საერთო ჯამში თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი პრობლემურია ბაღების 35.5%-ში. მაგალითად, ყველა ჯგუფის თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი სრულყოფილად არ იყო მოწესრიგებული საბავშვო ბაღების 25%-ში, ხოლო მათ 5%-ს თბილი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა.

მონიტორინგისას გამოვლენილ იმ რამდენიმე საბავშვო ბაღს (4.4%), რომელთაც თავად არ აქვთ სასმელად ვარგისი წყალი, საბავშვო ბაღების გაერთიანებები ამარაგებს. თუმცა ერთ შემთხვევაში, თანამშრომლები იძულებული იყვნენ, ადუღებული წყალი გამოეყენებინათ, რადგან მათი განცხადებით, შენობაში არსებული წყალი სასმელად უვარგისია, ხოლო საბავშვო ბაღების გაერთიანება მათ წყლით არ ამარაგებს.

რაც შეეხება სანიტარია-ჰიგიენას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ საბავშვო ბაღში, დასუფთავების სიხშირე და ვადები პრობლემურია. მაგალითად, 24 საბავშვო ბაღი შენობის გენერალურ დასუფთავებას მხოლოდ წელიწადში ორჯერ ახორციელებს. ხოლო საბავშვო ბაღების ნაწილი (4.4%) მხოლოდ კვირაში ერთხელ ასუფთავებს სააღმზრდელო ოთახს. ამასთან, მონიტორინგის დროს, რამდენიმე შემთხვევაში, სამზარეულო ოთახში უსუფთაობა იყო და არც ოთახის კედლები იყო მოპირკეთებული სველი წესით დამუშავებისთვის განკუთვნილი მასალით.

ჭურჭლის შენახვის წესი მხოლოდ 59.6%-ში იყო დაცული, კერძოდ, მოთავსებული იყო სპეციალურ თაროებზე, წვრილი ინვენტარი კი, კარადაში იყო შეწყობილი. ამასთან, საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (84.8%) თეთრეულს კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ (15.2%) რეცხავენ. ლეიბებს და მატრასებს, ძირითადად, თვეში ერთხელ ან თვეში რამდენჯერმე წმენდენ, დაწესებულებების 5.7% კი, მხოლოდ წელიწადში ერთხელ.

სათამაშოების დასუფთავების პროცესთან და სიხშირესთან დაკავშირებით, დაწესებულებებში არ არის ერთიანი, რეგლამენტის შესაბამისი მიდგომა. როგორც წესი, ისინი კვირაში ერთხელ (61.2%) ან ორ კვირაში ერთხელ (7%) სუფთავდება სპეციალური ხსნარით, ქლორით ან სარეცხი საშუალებით. თუმცა გამოვლინდა სათამაშოების მხოლოდ თვეში ერთხელ (4.7%) ან წელიწადში ერთხელ (1.2%) დასუფთავების შემთხვევებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღში არასათანადო პირობების გამო, აღმზრდელს, მის თანაშემწეს ან დამლაგებელს სათამაშოები დასასუფთავებლად სახლში მიაქვთ (საბავშვო ბაღების 4.7%).

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები უმთავრესად ეხება სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტარსა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს; კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების სიმცირე.

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. 

დოკუმენტი არის სპეციალური ანგარიში, რომელიც 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში, საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს ასახავს.