ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა.
PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა.
შემთხვევა 2017 წელს მოხდა.
„2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა მას ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. ბავშვის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც ბავშვმა უპასუხა, რომ მასწავლებელმა სცემა.
დედამ პოლიციას მიმართა. გამოძიება მაშინვე დაიწყო. ბავშვმა პოლიციას უამბო რაც მოხდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ დაადგინა, რომ ბავშვს სახეზე დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, რომელიც მიყენებული იყო ბლაგვი საგნის გამოყენებით. დედამ გამოძიებას უთხრა რომ დილით ბაღში მისულ ბავშვს დაზიანებები არ ჰქონია და ისიც, რომ ბავშვს არც ალერგია ჰქონია აქამდე“, – წერს ორგანიზაცია.
მათი ცნობით, ამდენიმე თვის განმავლობაში 3,5 წლის ბავშვი ელოდებოდა პოლიციისგან პასუხს, თუმცა უშედეგოდ. 2018 წლის აპრილში დედამ PHR-ს მიმართა.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია წერს:
„აღნიშნულ საქმეზე, PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
საქმეს სრულად გაეცანით ბმულზე.