ბაგირი არის დაჟანგული, სავარაუდოდ, ეს შემთხვევა უკავშირდება ბაგირის გაწყვეტას - შრომის ინსპექტორი

პუბლიკა

ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაზე მდებარე კორპუსში, სადაც გუშინ ახალგაზრდა კაცი ფასადის  სამღებრო სამუშაოების დროს დაიღუპა, „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, შრომის ინსპექტორები მუშაობას დღეს განაახლებენ.

შრომის უსაფრთხოების ინსპექტორის პირველადი ინფორმაციით, ბაგირი დაჟანგული იყო, რის გამოც სავარაუდოდ სიმძიმეს ვერ გაუძლო.

„რაც გამოიკვეთა ეს არის ბაგირის გაწყვეტა, ბაგირი არის დაზიანებული, დაჟანული და, სავარაუდოდ, ეს შემთხვევაც უკავშირდება ბაგირის გაწყვეტას, გავესაუბრებით დამსაქმებელს, გამოვითხოვთ დოკუმენტაციას, დანარჩენს მოკველევის პროცესი გვაჩვენებს, რა გამოიკვეთება“, – უთხრა „აჭარის ტელევიზიას“ შრომის ინსპექტორმა.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

„პუბლიკასთან” საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.