ბაია პატარაია ორბელიანზე მომხდარ თავდასხმაზე: გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს პირი ან იდენტიფიცირებულია ან დაკავებულია

პუბლიკა

ორგანიზაცია „საფარი“ ორბელიანის მოედანზე უცნობი პირის მიერ ნაცემი ქალის, ქეთევან მესხის უფლებებს დაიცავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ და ქეთევან მესხმა პრესკონფერენცია გამართეს.

25 დეკემბერს გამართულ ქალთა მარშში მონაწილეობისას, დაზარალებული ქალი ორბელიანის სასახლესთან იმყოფებოდა. ამ დროს, უცნობი პირი მარშის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ კი მასთან ახლოს მდგომ ქეთევან მესხს სახეში დაარტყა, რის შედეგადაც, ქალის ცნობით, დაზიანებული აქვს ხელი, მიღებული აქვს დაზიანებები თავის არეში. 

მომხდარის შესახებ ისაუბრა ქეთევან მესხმა:

„როდესაც პრეზიდენტი შებრუნდა ორბელიანების სასახლეში, ჩვენ გამოვედით სცენა სადაც აქვთ, მაგ მხრიდან ავდიოდით პარლამენტთან, […] როგორც კი გამოვუხვიეთ, 2 წუთის შესული იყო პრეზიდენტი, ეგრევე გავიგონეთ გინება ჩვენი მისამართით. მე ვიკითხე, რატომ [გვაგინებდნენ], ვინ იყვნენ.. ვთხოვეთ, მოახლოებულიყვნენ ჩვენთან და აეხსნათ, რატომ მოგვიწოდებდნენ ტერიტორიის დატოვებისკენ. როგორც კი მივედით, ვკითხეთ, რატომ მოგვიწოდებდნენ, წავსულიყავით. უარესი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და შემდეგ გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. გარშემო სულ ქალები იყვნენ, ყველა ჩაერთო დასახმარებლად. დღეს მივდივარ თაბუკაშვილზე პოლიციის სამმართველოზე. ხელი მაქვს ნაღრძობი, თავის არეში, სადაც ხელი მომხვდა, დაჟეჟილობა მაქვს“, – განაცხადა მან.

შსს გამოძიებას აწარმოებს, თუმცა, ბაია პატარაიას განცხადებით, ჯერ ინფორმაცია არ აქვთ, იდენტიფიცირებული ან დაკავებული თუ არის ეს პირი.

შემთხვევა არაერთ ვიდეოშია ასახული. „პუბლიკის“ მიერ გადაღებულ კადრებში ცხადად ჩანს კაცის სახე.

ბაია პატარაიას შეფასებით, შსს-ს უმოქმედობა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმების გაგრძელება დაუსჯელობის სინდრომის ეფექტია. ის საგამოძიებო უწყებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„პუბლიკა“ შემთხვევის დღეს დაუკავშირდა შსს-ს, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია. ამის შემდეგ უწყებას პირის დაკავების შესახებ საჯარო განცხადება არ გაუვრცლებია. „პუბლიკა“ დღესაც დაუკავშირდა უწყებას. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუ რამე სიახლე იქნება, გაგვაგებინებენ.