ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას განიხილავს - NY Times

პუბლიკა

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის, ხომალდებისა და ავიაციის გაგზავნას განიხილავს. თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ამერიკული გამოცემა წერს, რომ ბაიდენმა სამხედროების გაგზავნაზე მსჯელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის გამო დაიწყო.

The New York Times წერს, რომ მერილენდში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვედრისას პენტაგონის წარმომადგენლებმა ბაიდენს წარუდგინეს რამდენიმე ალტერნატივა რუსეთთან ახლოს სამხედრო წარმომადგენლობის გასაზრდელად. ამ გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს წევრ ქვეყნებში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა 1000-დან 5000-მდე სამხედრო გაგზავნოს. ვითარების გაუარესების შემთხვევაში კი მათი რიცხვი გაიზრდება.

კონფიდენციალური წყაროები გამოცემასთან ამბობენ, რომ ბაიდენი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში მიიღებს. ამ ნაბიჯით კი ეცდებიან, რომ შეაკავონ რუსეთის მზარდი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომლის საფრთხეც ბოლო დღეებში ბელარუსში რუსული ჯარის შესვლასთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა.

დიპლომატიურ ნაბიჯებთან ერთად, თავდაცვის ზრდაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც CBS-თან ინტერვიუში. მისი განცხადებით, NATO გააგრძელებს თავდაცვითი შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერებას თუკი რუსეთი აგრესიას განაახლებს.