ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენი ტრამპს გამარჯვების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა და არჩევნების მოგება მიულოცა.
7 ნოემბერს თავის გამოსვლაში ბაიდენმა ისაუბრა დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობაზე და პირობა დადო, რომ ამას ხელს შეუწყობდა.