აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პოლიტიკა არასდროს უნდა იყოს ბრძოლის ან მკვლელობის ველი.
ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ემზადება, ამერიკელ ხალხს დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მიმართა.
მისი თქმით, პოლიტიკაში ტემპერატურამ უნდა დაიწიოს.
პრეზიდენტის განცხადებით, „პოლიტიკური რიტორიკა ქვეყანაში ძალიან გაუარესდა”.
„პოლიტიკა არასოდეს უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ველი ან, ღმერთმა არ ქნას, მკვლელობის ველი. ჩვენ ვკამათობთ და ვერ ვთანხმდებით, ჩვენ ვადარებთ და ვასხვავებთ კანდიდატების ბუნებას, მიღწევებს, პრობლემებს, განრიგს, ამერიკის ხედვას, მაგრამ ამერიკაში ჩვენ განსხვავებებს საარჩევნო ყუთში ვაგვარებთ. ესაა ის, როგორც ვაკეთებთ ამას და არა – ტყვიებით. ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ძალადობის ნორმალიზება“, – თქვა ჯო ბაიდენმა.
პენსილვანიის შტატში, ბატლერში, ამომრჩეველთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესროლეს. FBI-იმ მომხდარი მკვლელობის მცდელობად შეაფასა.
ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა, ფოტოებიდან ჩანს, რომ მას მარჯვენა ყური ჰქონდა სისხლიანი. სცენიდან გაყვანისას მან შეკრებილ საზოგადოებას მუშტი აუწია.
სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, ორი კი დაშავდა.