ბაიდენი-პუტინისა და ბლინკენი-ლავროვის შეხვედრები აღარ გაიმართება

პუბლიკა

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აღარ გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა. ჯენ ფსაკიმ სამშაბათს განუცხადა.

პრესმდივანს ერთმნიშვნელოვნად არ გამოურიცხავს მომავალში შეხვედრა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ბაიდენი არ შეხვდება პუტინს, თუ რუსეთი ჯარების უკან დახევით არ განმუხტავს ვითარებას უკრაინაში.

აღარ გაიმართება შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორისაც.

ბლინკენის განცხადებით, შეხვედრამ აზრი დაკარგა, რადგან აშშ-ის თვალთახედვით, რუსეთის ფედერაციამ უკვე დაიწყო უკრაინაში შეჭრა.

„ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ [უკრაინაში] შეჭრა იწყება და რუსეთმა ნათლად აჩვენა დიპლომატიის სრული უგულებელყოფა, აზრი არ აქვს შეხვედრის გაგრძელებას ამ ეტაპისთვის“, – აღნიშნა გუშინ ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში.

ამასთან, შტატებისა და ევროკავშირის კვალდაკვალ, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური/ეკონომიკური სანქციები დააწესეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის, კანადამ და იაპონიამ.


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე გუშინ ბრიფინგი გამართა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააანონსა. ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესდა ორ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას VEB-სა და „პრომსვიაზბანკს“, რომელიც რუსი სამხედროების ბანკის სახელითაა ცნობილი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებით, სანქციების პირველივე ტალღაში მოჰყვებიან რუსული ფინანსური ინსტიტუტები, სანქცია შეეხება რუსეთის საგარეო ვალს, რის შემდეგაც რუსეთი დასავლეთის ფინანსური ბაზრიდან ფინანსებს ვეღარ მიიღებს, ასევე სანქციები შეეხება რუსულ ელიტას და მათ ოჯახებს.

ბაიდენის თქმით, პუტინის ბოლო მოქმედებები იყო უკრაინაში შეჭრის დაწყება, ამიტომ შეერთებულმა შტატებმაც დაიწყო საპასუხო მოქმედებები.