ბაიდენი, შოლცი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება უპასუხოდ არ ჩაივლის

პუბლიკა

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ოლაფ შოლცის პრესსპიკერის თქმით, სამმხრივ საუბარში მათ დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და განაცხადეს, რომ ეს ქმედება უპასუხოდ არ ჩაივლის.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.