ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომხების მასობრივი მკვლელობისა და გადასახლების გენოციდად აღიარებას გეგმავს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემები ავრცელებენ.
Voice of America-ს ინფორმაციით, ოფიციალური პირები, რომლებიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, ამბობენ, რომ აღიარება შეიძლება შაბათს გამოცხადდეს, როცა სომხები გენოციდის დღეს აღნიშნავენ.
ჯო ბაიდენი სომეხთა გენოციდს საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც შეეხო და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა გენოციდის აღიარებას, რადგან ადამიანის უნივერსალური უფლებები მისი პრიორიტეტია.
ბაიდენს სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ კონგრესმენებმაც მოუწოდეს. სომეხთა გენოციდი აშს-ის საკანონმდებლო ორგანოში როგორც წარმომადგენელთა პალატას, ისე სენატს აქვს აღიარებული. ბაიდენი კი ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირველი პრეზიდენტი იქნება აშშ-ის ისტორიაში, ვინც სომეხთა გენოციდს აღიარებს.
გენოციდის შესაძლო აღიარებას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. მისი თქმით, აღიარება აშშ-თურქეთის ურთიერთობას ზიანს მიაყენებს.
აშშ-სა და თურქეთს შორის კი ურთიერთობა ბოლო წლებია ისედაც დაძაბულია. მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული საზენიტო სისტემები, S-400-ები შეიძინა და სირიაში, აშშ-ის მხარდაჭერილ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ დაესხა თავს.
სომეხთა გენოციდად მიიჩნევენ 1915-1923 წლებში სომეხი ხალხის მასობრივ მკვლელობასა და დეპორტაციას, რომელსაც სომხების თქმით, 1.5 მილიონი ადამიანი შეეწირა. თურქეთი კი აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილი რუსეთთან ომში და სხვა გარემოებებში დაიღუპა, სომხების დასახელებული რაოდენობა კი ძალიან გადაჭარბებულია.