ბაიდენი ვარშავაში: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, NATO არ დაიყოფა, ჩვენ არ დავიღლებით

პუბლიკა

„მსოფლიო კიევის დაცემისთვის ემზადებოდა. მაგრამ კიევი დგას და ძლიერია, როგორც არასოდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში განაცხადა.

ის მანამდე კიევში იმყოფებოდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„რუსეთი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაში, ვერასოდეს“, – ბაიდენის ამ სიტყვებს ვარშავაში დამსწრეთა ხმამაღალი ოვაციები მოჰყვა, წერს „რადიო თავისუფლება”.

„ახლა დავბრუნდი კიევიდან, ის დგას, ის ძლიერია და, რაც მთავარია, ის თავისუფალია,“ თქვა მან.

ბაიდენის თქმით, პუტინი ფიქრობდა, რომ NATO გაიხლიჩებოდა და გაიყოფოდა, მაგრამ NATO უფრო შეკავშირებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„პუტინს უკრაინის „ფინლანდიზაცია” სურდა, სამაგიეროდ კი მიიღო ფინეთის „ნატოიზაცია”, და შვედეთისაც”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზელენსკი დემოკრატიული მთავრობის მეთაურია, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს.

„ეჭვი არ უნდა არსებობდეს, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, NATO არ დაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით”, – თქვა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოცხადდება.