ჯო ბაიდენის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რეალურია საფრთხე, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

როგორც Reuters წერს, ბაიდენმა შაბათს სრული უპასუხისმგებლობა უწოდა ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადებას. ხოლო ორშაბათს კალიფორნიაში ერთ-ერთ შეხვედრაზე დაამატა, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს.

„როცა აქ ორი წლის წინ ვთქვი, რომ ვდარდობდი, რადგან შეიძლებოდა მდინარე კოლორადო დამშრალიყო, ყველა ისე მიყურებდა თითქოს გიჟი ვიყავი. ზუსტად ასე მიყურებდნენ მაშინაც, როცა ვთქვი, რომ ვშიშობდი, პუტინმა შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს რეალურია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კოლორადოში წყლის დონე წლებია, იკლებს, მაგრამ კლიმატის ცვლილებისა და მდინარის მიმდებარედ შტატებში სწრაფი ურბანიზაციისა და აგრარული მეურნეობების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მდინარე დაშრობის პირას მივიდა. ეს კი, დაახლოებით, აშშ-ის 40 მილიონამდე მცხოვრებზე იქონიებს გავლენას.

რაც შეეხება ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებას, გასულ კვირას ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მათ უკვე დაიწყეს ქვეყანაში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანის ქობინი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ატომური ბომბები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ჩამოყარა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა პირველად განათავსა თავისი ბირთვული იარაღი ქვეყნის გარეთ. მინსკთან შეთანხმების შესაბამისად, როგორც ამ ორ ქვეყანაში აცხადებენ, მოსკოვმა ბელარუსში შედარებით მცირემუხტიანი, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა დაიწყო.