ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის წარმომადგნლების ცნობით, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა 1 საათზე მეტ ხანს ისაუბრეს.
„პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის მზადების შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუკი რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, რასაც რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გაუმეორა პუტინს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს უამრავი ადამიანის ტანჯვას და შეასუსტებს რუსეთის პოზიციებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ მიუხედავად იმისა, შეერთებული შტატები რჩება დიპლომატიის გზაზე თავის მოკავშირეებთან სრულყოფილი კოორდინაციით, ჩვენ ასევე თანაბრად ვემზადებით განსხვავებული სცენარებისთვისაც“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დღეს, სატელეფონო საუბრის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან თავისი სამხედროებისა და საელჩოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიყვანა.
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა სხვა არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამაც.
თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შესაძლოა უკვე ნებისმიერ დროს დაიწყოს.