ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა. გავრცელებულ წერილში ბაიდენი აღნიშნავს, რომ ის არ აპირებს ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და სჯერა, რომ ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში უდიდესი პატივი იყო პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა.

„დღეს ამერიკა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა. ჩვენ ისტორიული ინვესტიციები ჩავდეთ ჩვენი ერის აღდგენაში.

ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი, ამერიკელი ხალხის გარეშე. ჩვენ ერთად გადავლახეთ საუკუნეში ერთხელ მომხდარი პანდემია და ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ჩვენ დავიცავით და შევინარჩუნეთ ჩვენი დემოკრატია. ჩვენ ავაღორძინეთ და გავაძლიერეთ ჩვენი ალიანსები მსოფლიოში. ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო მემსახურა თქვენს პრეზიდენტად, და რადგან ვაპირებდი კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ კანდიდატურას მოვხსნი და ფოკუსირებული დავრჩები პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე ვადის ამოწურვამდე”, – წერს ბაიდენი.

ის მადლობას უხდის ყველას, ვინც კამპანიაში იყო ჩართული. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხს კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.

„ნება მომეცით გადავუხადო უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამდენი იშრომა ჩემი ხელახლა არჩევისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამორჩეული პარტნიორობისთვის და გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ამერიკელი ხალხისადმი იმ რწმენისა და ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამომიცხადეთ.

დღესაც მჯერა იმის, რისიც ყოველთვის: არაფერია ისეთი, რაც ამერიკას არ შეუძია, როცა ამას ერთად ვაკეთებთ. ჩვენ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები”, – აღნიშნავს ბაიდენი წერილში.

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარი ოფიციალურად დაუჭირა და პარტიას შესთავაზა, რომ სწორედ ჰარისი იყოს მათი საპრეზიდენტო კანდიდატი. 

„დემოკრატებო – დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. Მოდი გავაკეთოთ ეს”, – წერს ბაიდენი.