რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი, მაიკლ მაკფოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება. მაკფოლი წერს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის ტესტია და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ პროცესებში უნდა ჩაერიოს.
„ნავალნის დაკავება პირველი გამოცდა იყო. მიანმარი – მეორე. ახლა მესამე საქართველოა. ბაიდენმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მეტს გააკეთებდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. ახლაა დრო, რომ შეასრულოს ეს სიტყვები.
ბაიდენი იცნობს საქართველოს, მე მასთან ერთად ვიყავი იქ 2009 წელს. მას შეუძლია გავლენის მოხდენა“, – წერს მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე.
მაიკლ მაკფოლი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს განცხადებას ნიკა მელიას დაკავების შესახებ. მისი თქმით, საელჩოს მიერ გამოხატული „ღრმა შეშფოთება“ კარგია „დასაწყისისთვის“, თუმცა მისი ქვეყანა პროცესებში მეტად უნდა ჩაერიოს.
„რუსეთის, ჩინეთისა თუ ბელარუსისგან განსხვავებით, აშშ-ს საქართველოსთან რეალური ბერკეტები აქვს. ახლა სწორი დროა მის გამოსაყენებლად, სანამ გვიანი არ არის“, – აცხადებს მაკფოლი.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება უარყოფითად შეაფასა აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ამერიკელმა კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა, თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა და ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.