გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით ვლადიმერ პუტინად მოიხსენია.
„მინდა, სცენაზე მოვიწვიო უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც ისეთივე გამბედაობა აქვს, როგორიც შეუპოვრობა. ქალბატონებო და ბატონებო: პრეზიდენტი პუტინი”, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა თავისი შეცდომა მაშინვე გამოასწორა და განაცხადა, რომ იმდენად არის კონცენტრირებული ვლადიმერ პუტინის დამარცხებაზე, გვარები ამის გამო აერია.
„ჩვენ პრეზიდენტ პუტინს დავამარცხებთ, პრეზიდენტო ზელენსკი”, – აღნიშნა მან.
გუშინ NATO-ს საიუბილეო სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და კიევისთვის ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
პარალელურად, ზელენსკიმ დააანონსა სამშვიდობო სამიტის მეორე შეხვედრა მიმდინარე წელს. პირველი მსგავსი სამიტი გასულ თვეს შვეიცარიაში გაიმართა.
ზელენსკი შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია და ქვეყანა გაწევრების შეუქცევად გზაზეა.