ბაკაშვილი ცინიკურად ამბობდა, რომ აალაპარაკებდა დაზარალებულს, შემდეგ მშვიდად უყურა, როგორ გაუსწორდა კოლეგა მას - პროკურორი

პუბლიკა

სმენის პრობლემის მქონე არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარეს ჰქონდა. პროცესზე პროკურორმა ისაუბრა, რა გამოიკვეთა საქმის მასალებიდან. მან ცალ-ცალკე აღწერა ბრალდებულების ქმედებები დანაშაულებრივი ქმედების დროს.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული კახა ბაკაშვილი იყო ის პირი, რომელმაც დაზარალებული მეტროს ქვედა ბაქანიდან ზემოთ ამოჰყავდა და მის თანხმლებ პირებს ეუბნებოდა: „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“

„როდესაც ბრალდებული ბაქრაძე ფიზიკურად უსწორდებოდა არასრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლეონ ამბანცუროვს, ამ ყველაფერს ესწრებოდა კახაბერ ბაკაშვილიც და ის იყო სწორედ, რომელმაც ფიზიკური ძალის გამოყენებით, მაჯაზე ხელის მოკიდების გზით თავად აიყვანა მეტროსადგურის ქვემო ბაქნიდან ლეონ ამბანცუროვი და შეიყვანა პატრულ-ინპექტორებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ნუგზარ ბაქრაძის მხრიდან განხორციელდა ზემოაღნიშნული დანაშაულებრვი ქმედება.

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების და აუდიო-ვიზუალური ჩანაწერების თანახმად, მეტროსადგურის ქვედა ბაქნიდან ესკალატორით ასვლისას ბაკაშვილისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ლეონ ამბანცუროვი იყო შშმ პირი და რომ მას არ ესმოდა და საუბრობდა მხოლოდ ჟესტიკულაციით, ამას მას განუმარტავდნენ ამბანცუროვის მეგობრები და თავად ამბანცუროვიც მიანიშნებდა, რომ მას არ ესმოდა, მიუხედავად ამისა, ბრალდებული ბაკაშვილი ცინიკურად ამბობდა, რომ აალაპარაკებდა დაზარალებულს, შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად უყურა მან, როგორ გაუსწორდა მისი კოლეგა ბაქრაძე ლეონ ამბანცუროვს“, – განაცხადა პროკურორმა.

კახა ბაკაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად წარდგენილი აქვს არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.