სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა”) ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. საუბარია, ე.წ. 900 აბი სუბუტექსის საქმეზე. ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2018 წელს დამნაშავედ ცნო ერთი პირი – ირაკლი ქორიძე. მსჯავრდებულია საქმის სხვა ფიგურანტი – ჯაბა ხულორდავაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ირაკლი ქორიძე თურქეთიდან რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების – 900 აბის საქმის ორგანიზატორი იყო. ბრალდების მხარის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ის შეუთანხმდა ნაცნობებს – გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
სწორედ ამ საქმეზე ცნო გიორგანაშვილი ორივე ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ. თუმცა მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სხვა საქმეზე აქვს მისჯილი [ვინაიდან, მის წინააღმდეგ ორი საქმე იყო აღძრული, საიდანაც ერთში გამართლებულია, ერთში კი დამნაშავედ ცნეს].
გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით – 0.3726 გრამი ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვის საქმეზე. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ეთანამშრომლა მათთან.