ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შეადგინა.
პეტიციის სახელია „ბახმაროს გადასარჩენად“ და მისი მიმართვის ადრესატი ეკონომიკის სამინისტროა. უკვე შეგროვებულია 2500-ზე მეტი ხელმოწერა.
პეტიციაში ნათქვამია, რომ კურორტი, რომელიც ერთ-ერთ უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ავთენტიკური იერსახით და ლანდშაფტით, დღეს საფრთხის წინაშეა.
„დეველოპერული კომპანია ,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 14501 კვ.მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს.
ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად.
სწორედ ამ მიზნით მივმართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1-1/64;
• პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე;
• მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს მსოფლიოს საკურორტო დასახლებების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და მომზადდება ფართო სამოქალაქო და პროფესიული წრეების ჩართულობით. გავითვალისწინოთ ლანდშაფტის ათვისების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება!
შევინარჩუნოთ ბახმარო თავისი უნიკალური გარემოთი!
ხელი შევუწყოთ მის მომავალ, სწორ განვითარებას!
პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფი „ბახმაროს გადასარჩენად“, – ნათქვამია პეტიციაში.