„რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა, რომ არხი გიორგი გახარიას პარტიის არანაირი პოლიტიკურ აქტივობას არ გააშუქებს მანამ, სანამ ანა ბუჩუკური ნინო შუბლაძეზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს არ მოიხდის.
„ქალბატონი ბუჩუკურის დღევანდელი განცხადება ვეღარ დარჩება რეაგირების გარეშე. არხის სახელით ვაცხადებ, რომ ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში.
სამწუხაროდ, ცალკეული აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტების შეურაცხყოფამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სისტემატური სახე მიიღო. მე, არხის დირექტორი და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არ მოვითმენთ მსგავს დამოკიდებულებას აგრესიული პოლიტიკოსების მხრიდან”. – თქვა ბაკურ ბაკურაძემ.
ანა ბუჩუკურმა „რუსთავი 2“-ს სუსის ფილიალი უწოდა და თქვა, რომ ნინო შუბლაძე „პროფესიით მსახურია”.
„ქალბატონო ნინო, თქვენ ჟურნალისტი არ ხართ. თქვენ პირადად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მაშინდელი პროპაგანდის მსახური იყავით – ადამიანებს რომ აწამებდნენ, ზუსტად მაგ დროს. დღეს ივანიშვილის რეჟიმის მსახური ხართ. ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა”. – დაწერა ბუჩუკურმა თავის FB გვერდზე.