ბალდის კანიონის დამცველ აქტივისტს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ბალდის კანიონის დამცველი აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას აღკვეთზე სენაკის სასამართლოში დღეს იმსჯელეს. მოსამართლემ ის წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბალდის კანიონის კარავში თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დღეს 2 თავდამსხმელს და 1 აქტივისტს წარუდგინა.

უწყების განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 11 ივნისს, მარტვილის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, ინდიკო ბჟალავამ გელა ხურცილავას მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ინდიკო ბჟალავას ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინეს, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.