„ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“: ორი ნასვამი და შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა კარავში მყოფებს

პუბლიკა

ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ.

მოძრაობის ცნობით, საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩდნენ.

აქტივისტი ცოტნე თვარაძის ინფორმაციით, კარავში აქტივისტებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა კარვისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებულმა პირებმა ცივი იარაღით ყურის არეში დაჭრეს აქტივისტების თანასოფლელი, რომელიც მათთვის სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა.

„ორი ნასვამი და შეიარაღებული ადამიანი თავს დაესხა კარავში მყოფებს. ეს ორი ადამიანი იყვნენ ზუსტად ისენი, რომლებიც ინვესტორმა თავის რამდენიმე კვირის წინ გადაღებულ ვიდეოში გამოიყვანა, სადაც კომენტარს აკეთებდნენ და შემდეგი ფაქტი დაფიქსირდა სოფელში. სოფლიდან დაგვირეკეს, რომ ეს ორი ძმა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება და შეიარაღებული დაძრწის. მიუვარდნენ ქვემოთ ადამიანებს შეიარაღებული და ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელიც სანადირო თოფის წართმევას ცდილობდა დაზარალდა. ვიცით, რომ ყურის არეში არის დაჭრილი.

კარავში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები, როდესაც ესენი შეიარაღებულები მოვარდნენ. ერთ-ერთს ტყვიები ჰქონდა ასხმული სხეულზე და დანები ეჭირათ ხელში. შემოვარდნენ დანის ქნევით, მაგრამ რაღაცნაირად მოვახერხეთ ამ ორი ადამიანის განეიტრალება. შემდეგ სასწრაფო და პოლიცია გამოვიძახეთ. ეს ორი ადამიანი არის ახლა პოლიციის ავოტმობილში. საბედნიეროდ, აქ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა“, – განაცხადა აქტივისტმა ცოტნე თვარაძემ.

დამატებითი დეტალების გარკვევის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.