ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ საზღვარზე არ გაატარონ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთიდან და ბელორუსიიდან მიემგზავრებიან – ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა იმედოვნებს, რომ შესვლის აკრძალვა სექტემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება, მას შემდეგ რაც მას ოფიციალურად დაამტკიცებენ ეროვნული მთავრობები.
„ბოლო რამდენიმე კვირასა და თვეში მკვეთრად გაიზარდა საზღვრის კვეთა რუსეთის მოქალაქეების მიერ, რომლებსაც შენგენის ვიზა აქვთ. ეს ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი, ეს ასევე მორალური და პოლიტიკური ხასიათის საკითხია“, – განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
ქვეყნები უკან გააბრუნებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც ვიზა აქვს ევროკავშირის შენგენის ღია სასაზღვრო ზონაში შესასვლელად. გამონაკლისი იქნება ჰუმანიტარული და ოჯახური მიზეზების გამო, სატვირთო მანქანების მძღოლები, დიპლომატები.
პირდაპირი ფრენები რუსეთსა და ევროკავშირს შორის გაუქმდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ასეთი სქემა პირველი იქნება ევროკავშირში. 18 აგვისტოს შემდეგ ესტონეთს შედარებით რბილი აკრძალვა აქვს დაწესებული და რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს უზღუდავს შევსლას, რომლებსაც ესტონეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ვიზა აქვთ.
ფინეთი კი, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს, არ უერთდება აკრძალვას სამართლებრივი გაურკვევლობის გამო – შეუძლია თუ არა უარი უთხრას რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა ევროპული ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის ვიზები აქვთ.
„შესაძლებელია კი რეალურად გააუქმო შენგენის პრინციპები? ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ ბრიფინგზე.