ბანდიტმა ყველანაირი უპირატესობა მოიპოვა სახელმწიფოზე - თორდია ფარცხალაძის განაჩენზე

პუბლიკა

აუდიტის  სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია, რომლის ცემის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ დღეს დაასრულა, აცხადებს, რომ წინაპირობებიდან გამომდინარე, სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მოლოდნი არ ჰქონდა. თორდიამ საქმის შესახებ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ის ტენდენცია, რომელიც იყო გამოძიებასთან მიმართებაში, ზოგადად, მუხლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გახსოვთ, რომ პირველივე ეტაპზე შსს-ს განცხადება, რომლის მიხედვით ბრალდებული მე ვიყავი, ასევე ადამიანის [ფარცხალაძის ადვოკატ გაგი მოსიაშვილის] განცხადება, რომ თვითდაზიანებები მიიყენაო თორდიამო და არანაირი მტკიცებულებები არ არის საქმეშიო…

რა თქმა უნდა, ეს ასე იქნებოდა. ადამიანი, რომელიც არ დადიოდა საერთოდ, 24-ჯერ გადაიდო სასამართლო. ეგეთი რამე წარმოუდგენელია, ბრალდებული არ მიდიოდეს პროცესზე. 4 წელია მიდის ეს სასამართლო და საბოლოოდ, ეს გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ჩემთვის გასაკვირი არ იყო, რომ ასე დასრულდებოდა. ბანდიტმა მოიპოვა ყველანაირი უპირატესობა სახელმწიფოზე. სახელმწიფომ თქვა, რომ ეს ბანდიტი, ოთარ ფარცხალაძე, დღეის მდგომარეობით დგას ყველაფერზე ზემოთ“, – განაცხადა თორდიამ.

წამყვანმა ყოფილ მთავარ აუდიტორს წაუკითხა ციტატა ოთარ ფარცხალაძის ინტერვიუდან, რომელიც მან „პრაიმ ტაიმს“ მისცა.

ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს: „თავად ლაშა თორდიაც კი ამბობს, რომ მე მისთვის ხელი არ დამიკარებია. მთელი ამ დროის განმავლობაში მოთმინებით ველოდი ვერდიქტს. ეს გადაწყვეტილება არის პასუხი იმ ამორალური ხალხის ცილისწამებაზე, ვინც ტალახს ისროდა და ერთი ფაქტიც კი არ ჰქონია“.

ოთარ ფარცხალაძის საპასუხოდ ლაშა თორდიამ ხელახლა გაიხსენა 2017 წლის 13 მაისს განვითარებული მოვლენები.

„უკვე მე-10 ეტაპზე ვართ რაღაცა სისულელეების, მერამდენე ხარისხშია აყვანილი… რას ჰქვია, ვამბობ? ერთი დამაზუსტებელი კითხვა ჰქონდათ, რომ პირველმა რომელმა დაგარტყათ ხელიო.

ყველა ჩვენებაში ვიძახი, რომ ოთარ ფარცხალაძემ დაიწყო საუბარი, მუქარა, ყველაფერი. ჩოხელიც ჩემი ამოცნობილია, გამოძიებას არ დაუდგენია. დაახლოებით, 10 კაცი დამესხა თავს. ოთარ ფარცხალაძე იყო პირველი, ვინც გამომესაუბრა, ხელი მომკიდა და რომ ვტრიალდებოდი, პირველმა ხელი ვინ დაგარტყაო, პროკურორი ამას აზუსტებდა. ზუსტად არ დამინახებია, ან ოთარმა, ან ჩოხელმა დამარტყა-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ, 2 წამის შემდეგ ოთარ ფარცხალაძე პირველი ჩაერთო ამ ჩხუბში, რომელიც გამეტებით ფეხსაც, ხელსაც, ყველაფერს მირტყამდა“, – თქვა თორდიამ.

ლაშა თორდია პროკურატურის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის  შესახებ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ზემდგომში გაასაჩივრებენ. პროცესს „ცირკი“ უწოდა და თქვა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საქართველოში აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას, ვემზადებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის.

სახელმძღვანელო შეიძლება გამოიცეს, ბანდიტმა როგორ აჯობა სახელმწიფოს და სახელმწიფომ როგორ გადაუარა თავზე მე და მთლიანად აუდიტის სამსახურს ან ისეთ სამსახურებს, რომლებმაც სამომავლოდ უნდა იმუშაონ კორუფციის წინააღმდეგ“, – განაცხადა თორდიამ.


აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა. მეორე ბრალდებული, მიხეილ ჩოხელი კი დამნაშავედ ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ფარცხალაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა.

„პუბლიკას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამამართლებელ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.