ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი, ეს ისედაც ცხადია - დავითულიანი რეზოლუციაზე

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში პირველია, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებს.

ის ასევე გამოეხმაურა რეზოლუციის ტექსტში სიტყვა „რუსეთის“ არჩაწერას და განაცხადა: „ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი, ეს ისედაც ცხადია“.

„საქართველოს პარლამენტი არის პირველი პარლამენტი მთელ მსოფლიოში, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებს. რაც შეეხება სიტყვა რუსეთის ჩაწერა-არჩაწერას, ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი, ეს ისედაც ცხადია.

შთაბეჭდილება მრჩება, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გული სწყდებათ, რომ ეს კონფლიქტი აქ არ არის და ჰგონიათ, რომ ამ კონფლიქტში თავიათი პოზიციის აგრესიულად გამოხატვა არის პატრიოტიზმის დამტკიცება, მე ასე არ მგონია“, – განაცხადა დავითულიანმა.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

ცნობილია, რომ თუ ტექსტში სიტყვა „რუსეთს“ არ ჩაამატებენ, ტექსტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.