სახალხო დამცველმა სს „ლიბერთი ბანკს” ზოგადი წინადადებით მიმართა, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს როგორც საბანკო დაწესებულებების შენობების ადაპტირება, ასევე მომხმარებლისათვის მიწოდებული ყველა მომსახურებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, განურჩევლად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა.
2020 წლის 5 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ.კ-მ. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შესასვლელში დამონტაჟებულია პანდუსი, თუმცა ის არ ქმნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულ გარემოს, ვინაიდან არ აქვს მოაჯირი, რომელზეც შესაძლებელი იქნება დაყრდნობა შენობაში შესვლისას.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, მათზე მორგებული გარემოში ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, მათ შორის, მიიღონ ყოველთვიური სოციალური პაკეტი.
საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან, აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის გამართლება. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათათვის მისაწვდომობის არარსებობა როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე, უნდა შეფასდეს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბ დისკრიმინაციად.
ომბუდსმენის წინადადება სრულად ნახეთ ბმულზე;