Bankwatch რუსულ კანონზე: მოველით, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები შეაჩერებენ საჯარო სექტორის დაფინანსებას

პუბლიკა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა გლობალური ქსელის, Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ მარტინი საქართველოში, ყირგიზეთსა და EBRD-ის წევრ სხვა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

Bankwatch მსოფლიოს 13 ქვეყნის 15 ჯგუფს აერთიანებს და მიზნად ისახავს საჯაროდ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგსა და ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი ალტერნატივების ხელშეწყობას.

მარკ მარტინის განცხადებაში ნათქვამია, რომ Bankwatch-მა ატეხა განგაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის ვითარების გაუარესების შესახებ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

მარტინის განცხადებით, მათი მიზანია, გააფრთხილონ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა მონიტორინგსაც ახორციელებენ.

„სამწუხაროდ, ვითარება უარესდება იმის გამო, რომ ყირგიზეთში უკვე მიიღეს კანონი „უცხოური წარმომადგენლების“ შესახებ, საქართველოში კი ანალოგიური კანონი დამტკიცების მოლოდინშია”, – ნათქვამია Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

მარკ მარტინი აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის პასუხად მთავრობა მზარდ რეპრესიულ მიდგომას ატარებს. ასევე, ხაზს უსვამს, რომ აფასებს EBRD-ის პრეზიდენტის, ოდილე რენო ბასოს განცხადებებს, რომელშიც მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, მას მეტის მოლოდინი აქვს.

კერძოდ, განცხადების თანახმად:

„თუ ვითარება ესკალაციას განაგრძობს, ჩვენ მოველით, რომ EBRD, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ისეთთან, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, ასევე, ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ როგორც სახელმწიფო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც სარგებელს მოუტანს მთავრობას, ისე ნებისმიერი კერძო კომპანიის დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან”.

Bankwatch-ის გამოცდილებით, ნათელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას რისკების შემცირებისთვის, კორუფციის არიდებისთვის, საჯარო თანხების ბოროტად გამოყენების შემცირებისა და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდისთვის.

შესაბამისად, განვითარების ბანკების ინტერესებშია, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განაგრძობს თავისი არსებითი როლის შესრულებას საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობისთვის”, – ნათქვამია Bankwatch-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.