მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დღეს წამოწყებული სამხედრო მოქმედებები გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ რამდენიმე ადგილას გაარღვიეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დანაყოფების პოზიციები, დაიკავეს 6 სოფელი, 60-მდე პოზიცია და გაანადგურეს არაერთი სამხედრო ობიექტი.
არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, თუმცა ბაქოში საპასუხოდ მოითხოვენ, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღი დაყაროს, ხელისუფლებამ კი დაშლა გამოაცხადოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღელ სომხებთან შეხვედრას მხოლოდ მათი აზერბაიჯანში ინტეგრაციის შესახებ სალაპარაკოდ თანხმდება.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, 138 კი დაშავდა. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ჯარი ყარაბაღში არ იმყოფება და არ მონაწილეობს სამხედრო დაპირისპირებაში. თუმცა ფაშინიანის თქმით, ბაქოს მიზანია ყარაბაღში სომხების ეთნიკური წმენდა და სომხეთის ჩაბმა საომარ მოქმედებებში.
ფაშინიანმა რუს მშვიდობისმყოფელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
დღესვე ორი საპროტესტო შეკრება დაიწყო ერევანში. მოქალაქეთა ნაწილმა რუსეთის უმოქმედობა გააპროტესტა და რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა. ოპოზიცია და მოქალაქეთა ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სომხეთის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დაცვისკენ მოუწოდებენ. მოგვიანებით აქციაზე მოითხოვეს ფაშინიანის გადადგომა. იყო დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორისაც, სომხური მედიის ცნობით, პოლიციამ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.