ბარამიძე:„ნაციონალური მოძრაობა” არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ ვერ გაანადგურებთ

პუბლიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ვერ მოახერხებს, რადგან ეს პარტია, პირველ რიგში, ხალხი და იდეაა და არა იურიდიული დოკუმენტი.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იურიდიული დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი იდეის გარშემო – ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფო. ეს ნიშნავს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ რაც არ უნდა წრეები ურტყათ, ამ პარტიას ვერ გაანადგურებთ, ისევე, როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს და იმ იდეას, რომელიც არის უზენაესი ჩვენი ხალხისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო, ამიტომ არ გამოვა მათი მცდელობები”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.


„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” მანდატი ფართოვდება და 2003 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

ამასთან, „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა „ქართულ ოცნებას” მისცემს „მყარ საფუძველს”, რათა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ როგორც ენმ-ის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ არის დისკუსია, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და თქვა, რომ „განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ”.

„ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი. […] ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აკერძალებათ საქმიანობა“. – თქვა მან.