„ბარის გახსნა დამჭირდა, რომ მანდატი გამეუქმებინა“ | ჯაფარიძე ბარის გახსნისთვის დააჯარიმეს

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს.

შრომის ინსპექციის წარმომადგენლის, მაია მიქაიას განცხადებით, თუ ობიექტი არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას ისევ განაგრძობს, ობიექტი დაილუქება და ფიზიკური პირის მიმართ გამოყენებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბარი „ჯაფარასთან“ მაინც არ დაიხურება. ის გამოწერილი ოქმის გასაჩივრებას გეგმავს.

„ბარი მანამ არ დაიხურება, სანამ ფიზიკურად არ გამაკავებენ რამენაირად. ჩემი დაკავება ამ შემთხვევაში რთულია, მე ამ წუთში მაქვს დეპუტატის სტატუსი მათი დამსახურებით. მე მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს. მოუწევთ მიმართონ საქართველოს პარლამენტს, რომ გამიუქმონ მანდატი, ბარის გახსნა დამჭირდა რომ მანდატი გამეუქმებინა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

,,გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბარი 13 იანავრს გახსნა. მისი თქმით, ეს იქნება ბარი, რომელიც დაარღვევს არსებულ რეგულაციებს. კორონავირუსის პრევენციისთვის მოქმედი რეგულაციებით, საღამოს 9 საათის მერე დაწესებულია გადაადგილების შეზღუდვა, ასევე შაბათ-კვირას აკრძალულია ბარ-რესტორნების ფუნქციონირება. სამუშაო დღეებში მათი მუშაობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ღია სივრცეში მოემსახურებიან.